საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს ვალდებულებაა მეჩეთზეც,
სინაგოგაზეც და კათოლიკურ ტაძრებზეც ზრუნვა.
ამის შესახებ განცხადება გაბაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც თანაბრად სცემს პატივს ყველა კონფესიას, ზრუნავს იმ ისტორიულ- კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შექმნა.
"საქართველოში 400-ზე მეტი ძეგლია რეაბილიტირებული, ვიდრე ეს მოხდა ბოლო 50 წელიწადში. სწორედ ამიტომ, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი ვალდებულება არ არის ზრუნვა მეჩეთზე, სინაგოგაზე, კათოლიკურ ტაძრებზე. ესეც ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენ ცივილიზებულები ვართ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთაც საერთოდ არ ესმით რა არის ცივილიზაცია", - აღნიშნა გაბაშვილმა.
გოკა გაბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, წუთიერი პოპულარობისთვის ნუ დაივიწყებენ, რომ საქართველოს ვალდებულებაა ზრუნვა ასევე ქვეყნის ფარგლებში მდებარე კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე.
"ასევე, ჩვენი ვალდებულებაა ზრუნვა იშხანზე, ოშკზე, ხანძთაზე და ეს არის ის ძეგლები, რომლებმაც შექმნა კულტურულ-სულიერი ძეგლი ამ ქვეყანაში, მათი გაფრთხილება ჩვენი ისტორიული მისიაა. რაც შეეხება არსებულ მეჩეთს ახალციხეში, მისი მოვლა-პატრონობა ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთს, ესეც ჩვენი ვალდებულებაა, რომ ბათუმში ავაშენოთ მშვენიერი ხის მეჩეთი", - აღნიშნა გაბაშვილმა.
