სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილება.
გასულ კვირაში ანგარიში საპარალამენტო კომიტეტებმა განიხილეს.
სახალხო დამცველის ანგარიში “2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 650 გვერდს მოიცავს. ანგარიშში ძირითადი ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და აქციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეა გამახვილებული.
სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით გუშინ საღამოს საპარლამენტო უმრავლესობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო და ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში ბევრი რამ გაკეთდა და პრობლემების აღმოსაფრხვრელად მუშაობა გაგრძელდება.
კითხვაზე - ხომ არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი სახალხო დამცველის ანგრიშის შემდეგ, კალმახელიძემ უპასუხა, რომ მთავარია რეფორმა გაგრძელდეს, ვინ განახორციელებს მას მნიშვნელობა არა აქვს.
