ჯონდი ბაღათურიამ და უმრავლესობის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ მოხდა, რაც ჯონდი ბაღათურიამ უმრავლესობის წევრებს გაახსენა, "თუ როგორ გარბოდა ზოგიერთი მათგანი 2008 წლის აგვისტოში წითელი ხიდიდან".
"მე მაგ დროს გორში ვიყავი, ზოგიერთი კი წითელი ხიდიდან გარბოდა" – თქვა ბაღათურიამ. "გორში არ იყავი, ალბათ კატლეტებს ჭამდი", – უყვიროდნენ უმრავლესობის წევრები, რაზეც ბაღათურია გაბრაზდა და უმრავლესობის წევრებს უცენზურო სიტყვებით მიმართა.
პარლამენტის სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა სხდომათა დარბაზში მოჩხუბარ დეპუტატებს მოუწოდა დაწყნარებულიყვნენ, თუმცა, უცენზურო სიტყვები დარბაზში მაინც ისმოდა.
"თითებს ნუ იქნევ, სადაც გაგსვლია იქ იქნიე, გაიყვანეთ, დარბაზიდან ბაღათურია", –მიმართა მაჭავარიანმა მანდატურს.
პარლამენტის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ბაღათურიას დაწყნარებას ცდილობდნენ. "რას დადიხართ გაეროს დამკვირვებლებივით, მოკიდეთ ხელი და დარბაზიდან გაიყვანეთ", – მიმართა მაჭავარიანმა მანდატურს. თუმცა, მანდატურს ბაღათურია არ გაუძევებია, ის დარბაზში ბოლომდე დარჩა.
