საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომლებიც "ცნობილი შუშის სასახლიდან" რაღაცას ელიან.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გახდა და ამ "ისტორიულ გადაწყვეტილებას" პეტრე მამრაძის ხელმოწერა "ამშვენებს".
წიკლაურის შეფასებით, მამრაძის ხელმოწერა კარგი ლოცვა-კურთხევაა დიმიტრი ლორთქიფანიძის შემდგომი პოლიტიკური საქმიანობისას. მისი განცხადებით, ამ ფრაქციის წევრების ეგზალტირებული და აბობოქრებული გამოსვლები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ან ზოგადად პარლამენტარიზმს რაიმეს სძენდეს.
"ბატონო ჯონდი, ისეთივე მაღალი რომ ყოფილიყავით, როგორც თქვენი ხმის ტემბრი, თქვენი ფრაქცია არ აღმოჩნდებოდა სამარცხვინო მომლოდინე მდგომარეობაში, რათა რაღაც მოიპოვოთ იმ ძალიან ცნობილი შუშის სასახლიდან, რომელსაც ასე შეტრფით თქვენ და ამით არის გამოწვეული ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება თქვენი მხრიდან", – მიმართა წიკლაურმა ბაღათურიას.
