ქდმ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის დაგროვილი დავალიანებების გადახდას ითხოვს
ქდმ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის დაგროვილი დავალიანებების გადახდას ითხოვს
14:09 14.02.2012
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის დაგროვილი დავალიანებების გადახდას ითხოვს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით უამრავი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც დასაქმებული ადამიანები ხელფასებს წლების განმავლობაში ვერ იღებდნენ.
მისი თქმით, დავალიანებების დაგროვების მიზეზია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე დაუსრულებელი რეფორმები და პრივატიზაციის პროცესი. ანიკაშვილის განცხადებით, ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დღემდე დავა მიმდინარეობს და პრობლემის გადაჭრა არ ხდება. მისი თქმით, საკითხის გადაჭრა ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, ან უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს, მონაცემებს დააგროვებს და რეგიონებში არსებულ პრობლემებს შეისწავლის.
"ექიმმა, რომელმაც საკუთარი პროფესიული მოვალეობა შეასრულა, თავისი ხელფასი უნდა მიიღოს. ადამიანს, რომელიც ხელფასს არ იღებს, ხარისხს ვერ მოვთხოვთ. ასეთ შემთხვევაში კი, ის რეფორმები, რაზეც თქვენ საუბრობთ, ჩავარდება. ვფიქრობ, ეს რეფორმები ზედმეტად პოლიტიზებულია და ეს ადამიანები თავიანთი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ", - განაცხადა ანიკაშვილმა.





ბეჭდვა