პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" გავლენიან უცხოელ დიპლომატებთან აქტიური თანამშრომლობით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე
საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევას შეეცდება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკელი დიპლომატის ფრენკ ვიზნერის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ვიზნერის თბილისში ვიზიტი იმ პროცესების ნაწილია, რომელსაც "ქართული ოცნება" საქართველოსკენ ყურადღების მოზიდვის მიზნით ახორციელებს.
"ვცდილობთ, როგორც ოფიციალურ ისე მაღალი რანგის გადამდგარ პირებთან თანამშრომლობით შედეგს მივაღწიოთ. სწორედ ეს ხალხია მნიშვნელოვანი, როდესაც საარჩევნო მისიებზე ვსაუბრობთ. როგორც წესი, საარჩევნო მისიებს მოქმედი ჩინოვნიკები არ ხელმძღვანელობენ" - განაცხადა ხიდაშელმა.
ამერიკელი დიპლომატი ფრენკ ვიზნერი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით იმყოფება. მათ შორის შეხვედრა დღეს ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა. მხარეებმა საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მომავალ არჩევნებზე ისაუბრეს.
ვიზნერი დღეს აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს შეხვდება. დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოში მოქმედ ამერიკელ ბიზნესმენებთან.
როგორც ცნობილია, ვიზნერი გაერო-ში აშშ-ს ექს ელჩია. ის სპეციალური მისიების ფარგლებში კოსოვოში, იუგოსლავიასა და ეგვიპტეში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობდა.
