მომავალ კვირაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.
"თუ გვინდა, რომ რეგლამენტთან დაკავშირებით ობიექტურები ვიყოთ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ წინა პარლამენტმა მომავალი პარლამენტისთვის რეგლამენტი მიიღოს, რადგან ახლა არავინ იცის, მომავალ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა როგორი თანაფარდობა იქნება. ვინც ამ სამუშაო ჯგუფშია ჩართული ობიექტურია" - განაცხადა გოგორიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ახალ რეგლამენტში ბევრი სიახლე იქნება, თუმცა, საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარების პროცედურა არ შეიცვლება ანუ ერთი კვირა საკომიტეტო განხილვებს დაეთმობა, მეორე - სასესიოს.
გოგორიშვილის თქმით, ახალ რეგლამენტს, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღებს.
