კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და ამერიკელმა დიპლომატმა ფრენკ ვიზნერმა დღევანდელ შეხვედრაზე საკონსტიტუციო
ცვლილებებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ფრენკ ვიზნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"გაოცებული ვარ მისი ცოდნით საქართველოს შესახებ. საქართველოს კონსტიტუციაც კი უკეთ იცის, ვიდრე ბევრმა ჩვენმა პოლიტიკოსმა. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა მივიღე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე 2012-2013 წლებში მოსალოდნელ კრიზისზე იმსჯელეს.
ამერიკელი დიპლომატი ფრენკ ვიზნერი საქართველოშო ბიძინა ივანიშვილის მოწვევით იმყოფება. იგი ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს შეხვდება. დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოში მოქმედ ამერიკელ ბიზნესმენებთან.
ფრენკ ვიზნერი აშშ-ს ელჩი იყო გაერო-ში. ასევე, ამერიკიდან სპეციალური მისიებით კოსოვოში, იუგოსლავიასა და ეგვიპტეში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობდა.
