საქართველომ ბაგრატიონების საფლავებთან დაკავშირებით რუსეთში ნოტა გაგზავნა
საქართველომ ბაგრატიონების საფლავებთან დაკავშირებით რუსეთში ნოტა გაგზავნა
10:42 11.04.2012
ქართულმა მხარემ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთს ქართველ ბაგრატიონთა საფლავების მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ნოტა გაუგზავნა.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ნოტა რუსეთს 10 აპრილს გაეგზავნა. იგი ბაგრატიონთა საფლავებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას ეხება.
ნოტის გაგზავნის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ იქ მართლაც სამშენებლო სამუშაოები იგეგმება, ამ სამუშაობის შეწყვეტის თაობაზე რუსეთს თხოვნით მივმართავთ"- განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, თუ რუსეთმა ქართული მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა, ქართველ ბაგრატიონთა სამშობლოში გადმოსვენებაზე დაიწყება მუშაობა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ქართველ ბაგრატიონთა და საზოგადო მოღვაწეთა, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის, საფლავებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსეთი სამშენებლო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.

ბეჭდვა