„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები მარნეულის მოსახლეობას შეხვდნენ
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები მარნეულის მოსახლეობას შეხვდნენ
19:14 10.04.2012
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დღეს მარნეულის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილობრივების მთავარი პრობლემა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებაა.
„სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა. გლეხებს კი, პრივატიზებისთვის არასახარბიელო პირობები აქვთ. პირველ რიგში, ეს არის ვადები, რომელიც მყიდველს ავალდებულებს აუქციონის დასრულებიდან ერთ თვეში დაფაროს თანხა, რომელიც საშუალოდ ჰექტარზე 1000 ლარის ფარგლებში იქნება“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოების დროს გლეხებს სერიოზული დანახარჯები აქვთ, რომლის დაფარვასაც უმეტესობა დიდი გაჭირვებით ახერხებს.
„ბევრი ვერც ახერხებს და მიწები დაუმუშავებელი რჩება. ქვეყანაში არ არსებობს რაიმე შეღავათიანი საბანკო კრედიტი გლეხებისთვის. ამ პერიოდში პრივატიზაციის პროცესის შემოთავაზებული პირობებით განხორციელება თუ რაიმე შეღავათები არ დაწესდა გამოიწვევს იმას, რომ გლეხების უმეტესობა მიწების გარეშე დარჩება“ - აღნიშნა გამყრელიძემ.

ბეჭდვა