2012 წლის 9 აპრილს ხელისუფლებამ პანაშვიდზე მისულ "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს, "საკუთარი ზონდერ-ბრიგადები დაახვედრა და მემორიალთან
მისასვლელი გზა გადაუკეტა" - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
"პოლიციის მიერ გზის გადაკეტვა ჩვენი საგანგებო აღნიშვნისა და მსჯელობის საგანი არ გახდებოდა, რომ არა ზონდერ-ბრიგადების მობილიზაცია და ფრიად "პოპულარული" ტიპაჟის, გია დგებუაძის- მეტსახელად "მასტერას" მიერ გახმოვანებული პირდაპირი მუქარა ჩვენი მისამართით "თქვენთვის საკმარისი არ იყო რაც 26 მაისს გაგიკეთეთ, შემდგომში უარესად გადაგივლით" - აღნიშნა ბათიაშვილმა.
მისივე განმარტებით, "სააკაშვილის რეჟიმმა" ამ ქმედებით ორგანიზებული აქციის მიმართ "პანიკურ შიში" კიდევ ერთხელ დაადასტურა.
როგორც იგი აღნიშნავს, ეს ყველაფერი იმ პოლიციამ ჩაიდინა, "რომელიც 2009 წლის 6 მაისს „მიშა მიშას“ უყვიროდა საკუთარ ხალხს და პლასტიკურ ტყვიებს ესროდა და რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაცია როდიონოვის ჯარზე უფრო სასტიკად, სიამოვნებით განახორციელეს".
"სახალხო კრების" წევრთა განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ მათი მსვლელობის ბლოკირება იმ დროს მოხდა, როდესაც მემორიალთან სრულიად საქართველოს პატრიარქი იმყოფებოდა. ამასთან, არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს ფაქტი არც ერთი ტელეკომპანიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ მოხვდა.
"მინდა სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ განვაცხადო - ილუზიაშია ყველა ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ხელისფლება ოდესმე თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებს და ქვეყანაში დემოკრატიულ ფასეულობებს დაამკვიდრებს. დღეს ძალაუფლება ხელში მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანების ჯგუფს აქვს, რომლებიც ელემენტარული ცივილიზებული ნორმებისაგან შორს არიან" - აღნიშნა ბათიაშვილმა.
