პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გაგზავნილი მოწვევის ტექსტების გამოქვეყნებას მოითხოვს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით მოახერხა და ხელისუფლება აიძულა, დამკვირვებლების შესახებ საჯარო განცხადება გაეკეთებინა.
„როგორც საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკაში ჩართული ერთ-ერთი სუბიექტის წარმომადგენელი, მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნოს მოწვევის ტექსტები, რომლებიც მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ეუთოს, ევროპარლამენტს და სხვა სადამკვირვებლო მისიებს გაუგზავნეს“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თავის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით საქმიანობას გააგრძელებს, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საქართველოს უახლოესი თვენახევრის განმავლობაში, წინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად რამდენიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ეწვევა.
საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მოწვევის მიზნით საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში წერილები გააგზავნა.
