ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია და მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია, ივანიშვილმა შვეიცარიაში კომახიძესთან თავისი წარმომადგენლები გაგზავნა.
„დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს კონკრეტულად რა საფრთხეებზეა საუბარი, მაგრამ რომ მქონდეს ინფორმაცია მაინც ვერ გავახმაურებდი, ამაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ჯგუფია“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტს „ქართულ ოცნებაში“ სერიოზულად ეკიდებიან.
ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გასულ კვირას ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბიძინა ივანიშვილზე ხელისუფლება თავდასხმას გეგმავს.
