ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით არ მიმართავს. ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძე განაცხადა.
„ეს ფარისევლობაა და ცოტა უცნაური იქნებოდა პრეზიდენტისთვის ამ მოთხოვნით მიმართვა, როცა მან სრულიად უკანონოდ ჩამოართვა ივანიშვილს მოქალაქეობა“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის საკითხი სასამართლოში გაასაჩივრა და ეს პროცესი ექვსი თვეა გრძელდება.
ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, ვერ გადაფარავს ორ კანონდარღვევას - ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევას პოლიტიკაში მისი გამოჩენის შემდეგ და მეორე - ნატურალიზაციის წესით მინიჭებაზე უარის თქმას.
ფანჯიკიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ელოდება ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა შემდეგ სტრასბურგის ადმიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
