ფანჯიკიძე დამკვირვებლების მოწვევას ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და დიპკორპუსის დამსახურებად აფასებს
ფანჯიკიძე დამკვირვებლების მოწვევას ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და დიპკორპუსის დამსახურებად აფასებს
11:38 10.04.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას საქართველოში ოპოზიციის,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის დამსახურებად აფასებს.
„ის, რომ სააკაშვილი არჩევნებში გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას საკუთარ თავს მიაწერს, სხვა არაფერია თუ არა საქართველოს მოსახლეობისა და უცხოელი მეგობრებისთვის თვალის ახვევა“ - განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ სინამდვილეში სააკაშვილი საერთოდ არ აპირებდა გრძელვადიანი საერთაშორისო მონიტორების მოწვევას.
„ამაში დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და უცხოელ მეგობრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს“ - განმარტა ფანჯიკიძემ.
მისი შეფასებით, დასავლეთის მიმართ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული მოწოდება მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უკან იხევს.
პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მოწვევა გაუგზავნა.

ბეჭდვა