სააკაშვილი - ღმერთმა არ ქნას, რომ ოდესმე საქართველო რუსებს ჩაუვარდეს ხელში
სააკაშვილი - ღმერთმა არ ქნას, რომ ოდესმე საქართველო რუსებს ჩაუვარდეს ხელში
19:05 09.04.2012
ღმერთმა არ ქნას ოდესმე კიდევ ვნახოთ, რომ საქართველო რუსებს ჩაუვარდეს ხელში - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ეზოში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა დღეს სტეფანწმინდაში ვიზიტი გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, რომ რუსების შემოსვლის შემთხვევაში იარაღს ხელში თავადაც აიღებდა.
"ჩვენ ხელში გვიჭირავს ქართული სახელმწიფოებრიობის განხორციელებული, ამ მიწაში ფესვგამდგარი რეალობა და არა მხოლოდ იდეა. დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - რამდენადაც სტუმართმოყვარე ერი ვართ ქართველები, იმდენად შეუპოვრები ვართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით,საქართველოს ისტორია 2003 წელს არ დაწყებულა, თუმცა, დამპყრობლებმა 2003 წლიდან დაინახეს ქვეყნის თავისუფლების იდეა და ქართული სახელმწიფოს უწყვეტი წარმატების ციკლი ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.
"თუ ეს ყველაფერი ერთი მუჭა ხროვისთვის კეთდება, რომელთათვისაც სახელმწიფოებრივი იდეალები არაფერი არ არის და რომელთა უმეტესი ნაწილი იმპერიის სამსახურშია ისევ ჩამდგარი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ თავისუფლებას" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე, აღნიშნა რომ რუსეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთში საქართველო შესძულებოდათ.
"2008 წელს მთელი მსოფლიო დადგა აქ, ჩვენთან. ბევრი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერი იდგა ჩვენთან ერთად რაკეტადამიზნებული მიტინგის წინ. დღეს რუსეთის იმპერია ასობით მილიონს ხარჯავს ევროპაში იმისთვის, რომ საქართველოს აღარ დაეხმარონ, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვა" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არა მხოლოდ საქართველოს ავტორიტეტია უფრო მაღალი ვიდრე არასდროს, არამედ რუსეთში უკვე საზოგადოების აზრი საქართველოს მიმართ სასიკეთოდ იცვლება.

ბეჭდვა