"თეთრები" ხელისუფლებას საბჭოთა კავშირის მსგავსი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებენ
"თეთრები" ხელისუფლებას საბჭოთა კავშირის მსგავსი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებენ
18:07 09.04.2012
პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ზურაბ ხასია ხელისუფლებას საბჭოთა კავშირის მსგავსი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებს.
მან საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის პარალელი გაავლო და განაცხდა, რომ 9 აპრილის მიტინგი თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა ხელისუფლებამ იმ მოტივით დაარბია, რომ იგი სანქცირებული არ იყო.
მისივე თქმით, 2011 წლის 26 მაისის მიტინგი იმავე ადგილზე, საქართველოს ხელისუფლებამ იმავე მოტივით დაარბია.
ხასიას განცხადებით, 9 აპრილის მიტინგის დარბევის დამთავრებისთანავე, საბჭოთა ხელმძღვანელებმა საუბარი დაშავებულ ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე დაიწყეს და დაშავებული და დაღუპული მოქალაქეებით არც დაინტერესებულან.
მისივე თქმით, ასევე 26 მაისის მიტინგის დამთავრებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ საუბარი მხოლოდ დაშავებულ და დაღუპულ პოლიციელებზე დაიწყო და მომიტინგეებზე მათ არაფერი უთქვამთ.
"1989 წლის 9 აპრილმა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკური სამარე წარმოქმნა და მოკლე პერიოდში ჩაესვენა კიდეც საბჭოთა რეჟიმი ამ სამარეში. 2011 წლის 26 მაისმა კი - სააკაშვილისა და მისი რეჟიმის პოლიტიკური სამარე წარმოშვა"-განაცხადა ხასაიამ.
მისივე თქმით, 2011 წლის 26 მაისს ქვეყნის პრეზიდენტი ტრიბუნაზე ამაყად დადგა და სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. ხასიას განცხადებით, ეს დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახის მაჩვენებელია.

ბეჭდვა