პოლიტიკური კოალიციია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლის საარჩევნო
ყუთებთან გამართვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, მართალია 9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა, მაგრამ ქვეყანა კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.
"დღესაც, ისე როგორც 23 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევთ. დღეს ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაიმართოს, რათა ქვეყანას სწორი მიმართულებით სვლის პერსპექტივა გაუჩნდეს" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა მემორიალთან ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების დასწრების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ მოსაწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
ივანიშვილმა ეს ნაბიჯი კოალიციის მუშაობის მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა.
"ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი გამოვიდა და ამის შესახებ განცხადება გააკეთა. ამას ნაციონალური არხებიც დიდ მიღწევად აფასებენ და ჰგონიათ, რომ ეს სააკაშვილის კეთილი ნება იყო. მინდა ქართულ საზოგადოებას მოვახსენო, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი სერიოზული მიღწევა ჩვენი კოალიციისა" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, სააკშვილს აიძულეს და ათქმევინეს და პირველად საქართველოს საარჩევნო ისტორიაში მოახერხეს, რომ დამკვირვებლები 5-6 თვით ადრე ჩამოვლენ.
