ქართული მხარე, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთს ქართველ ბაგრატიონთა საფლავების მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ნოტას უახლოეს პერიოდში გაუგზავნის. ამის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვეცდებით მათგან ბაგრატიონთა საფლავებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მოვიპოვოთ. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ იქ მართლაც სამშენებლო სამუშაოები იგეგმება, ამ სამუშაობის შეწყვეტის თაობაზე რუსეთს თხოვნით მივმართავთ"- განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, თუ რუსეთმა ქართული მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა, ქართველ ბაგრატიონთა სამშობლოში გადმოსვენებაზე მუშაობა დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ქართველ ბაგრატიონთა და საზოგადო მოღვაწეთა, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის, საფლავებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსეთი სამშენებლო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
