პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს იმ ძალადობრივი
სისტემის "დამსახურებად" აფასებს, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.
ამის შესახებ ივანიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან, გენერალი ლებედის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"9 აპრილს ვინც იბრძოდა ისინი სისტემას ებრძოდნენ. ვინც 9 აპრილი დაარბია, ესეც იმ სისტემის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი იყო. აქ ის კაცი, რომელსაც ესენი მუდმივად ატრიალებენ არ იყო, ეს არც ვიცოდი და არცაა საინტერესო. თანაც, ამავდროულად მე არ ვეხმარებოდი ლებედს" - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამ სისტემის საბოლოოდ განადგურების მიზნით დააფინანსა თავის დროზე ბორის ელცინის საარჩევნო კამპანია, რათა კომუნისტებს ვერ მოეხერხებინათ რევანშის აღება და ხელისუფლებაში დაბრუნება.
"მე დღესაც ვამაყობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ლებედი იქ მექანიზმად იყო გამოყენებული, რამეთუ მან მოახერხა კომუნისტებისთვის ხმების დაბალანსება და საბოლოო ჯამში ელცინმა გაიმარჯვა, ამაში კი მე ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
