"9 აპრილის საზოგადოების" თავმჯდომარე თამაზ ბიბილური საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს აღადგინოს 9 აპრილის მუზეუმი, რომელიც 11 წელია დევნილობაშია.
"ნიუსპრესთან" საუბრისას თამაზ ბიბილურმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება 9 აპრილის მუზეუმს არ აღადგენს, მაშინ ის ოფიციალურად მიმართავს გაეროს, ევროკავშირსა და ევროსაბჭოს.
ბიბილურის განცხადებით, 2000 წლის 26 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძის მითითებით, ლესელიძის 8-ში მდებარე 9 აპრილის მუზეუმში შეიჭრნენ და დაარბიეს, ექსპონატების ნაწილი გაანადგურეს, ნაწილის გადამალვა კი - მოახერხა.
"სანამ ცოცხალია დიქტატორი შევარდნაძის დაკითხვა უნდა მოხდეს. უნდა შეიქმნას 9 აპრილის მუზეუმის ფარული პრივატიზაციის შემსწავლელი კომისიაც" - განაცხადა მან.
თამაზ ბიბილური დღეს 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად 21 მოქალაქე დაიღუპა.
