დავითაია - დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში დასახელებული კანდიდატები კრემლიდან კონტროლდებიან
დავითაია - დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში დასახელებული კანდიდატები კრემლიდან კონტროლდებიან
10:50 08.04.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას შეფასებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე დასახელებულ კანდიდატებს კრემლი აკონტროლებს.
„ე.წ. სამხრეთ ოსეთში რაიმე ტიპის არჩევნებზე საუბარი სასაცილოა, რადგან რაც იქ ხდება იმას არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს. მაშინაც კი, როდესაც ე.წ. პრეზიდენტად ალა ჯიოევი აირჩიეს, ის ვერ გახდა პრეზიდენტი, რადგან კრემლთან არ იყო შეთანხმებული“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ პაატა დავითაიამ.
ვიცე-სპიკერის თქმით, ამჟამად, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის საქმის გარჩევა მიმდინარეობს, რათა ისეთი ადამიანი დასვან დე-ფაქტო პრეზიდენტად, რომელიც რუსეთიდან მომდინარე საფინანსო წყაროებს გააკონტროლებს.
დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი იღებენ.
ცხინვალის რეგიონში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა, რადგან გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები ე.წ სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო.

ბეჭდვა