2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო. ამის შესახებ განცხადება სამი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გააკეთა.
მან ასევე, 2011 წლის 3 იანვარს ვეტერანების აქციის დაშლაზეც ისაუბრა.
ტუღუშმა ხაზი გაუსვა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათთვის ხელის შეშლის ფაქტებს და პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ანგარიშში ცალკე თავი არ არის გამოყოფილი სექსუალურ უმცირესობათა პრობლემებზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არსებობს. ცალკე თავი ამ საკითხს მხოლოდ იმიტომ არ დაეთმო, რომ სახალხო დამცველის ოფისში საჩივრები არ შესულა.
გიორგი ტუღუში სამი - ჯანდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე 2011 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ანგარიშით გამოდის.
