ვახტანგ ხმალაძე - როგორ შეიძლება კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რაც მხოლოდ ერთ ადამიანს ეხება?
ვახტანგ ხმალაძე - როგორ შეიძლება კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რაც მხოლოდ ერთ ადამიანს ეხება?
17:49 06.04.2012
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციაში ერთი კონკრეტული პირის გამო ცვლილებების შეტანას დაუშვებლად მიიჩნევს.
ხმალაძის თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება კონსტიტუციისადმი ცხადია - მას ქვეყნის მთავარი კანონი ფარატინა ქაღალდად მიაჩნია, რომელშიც თავისი მერკანტილური სურვილების დასაკმაყოფილებლად, რასაც უნდა იმას ჩაწერს.
„თარგამაძის ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს თავისი მოქმედებების უკანონობის აღიარება არ უნდა და ამისთვის კონსტიტუციის ყოვლად უკანონო და არასამართლებრივ ინტერპრეტაციას ახდენენ“ - განუცხადა ხმალაძემ „ნიუსპრესს“.
მისი შეფასებით, საეჭვოა, როდესაც ინიციატივა მოდის არა ხელისუფლების წარმომადგენლისგან და მას ხელისუფლება აიტაცებს.
ხმალაძემ მაგალითად მოიყვანა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი ის კანონპროექტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორში მომზადდა და კონსტიტუციას საერთოდ არ ეხებოდა, მაგრამ, მისი თქმით, ხელისუფლებას არცერთი მათგანი არ მიუღია.
„ახლა კი, ხელისუფლებამ უცებ აიტაცა „ქრისტიან-დემოკრატების“ წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. რატომ? მგონი პასუხი ნათელია“ - ორაზროვნად დასძინა ხმალაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე ინიციტივით გამოვიდა, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც დაბადებულია და 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ინიციატივას უმრავლესობა დაეთანხმა და დღეს აღნიშნული საკითხი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამაც განიხილა.

ბეჭდვა