ბაღათურია „ქრისტიან-დემოკრატებს“ ექსპერიმენტის ჩატარებისკენ მოუწოდებს
ბაღათურია „ქრისტიან-დემოკრატებს“ ექსპერიმენტის ჩატარებისკენ მოუწოდებს
17:29 06.04.2012
საყოველთაო სახალხო განხილვის საკონსტიტუციო სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.
ერთმანეთს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე შეეკამათნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯონდი ბაღათურიამ „ქრისტიან-დემოკრატებს“ ექსპერიმენტის ჩატარებისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა უკან გაიტანონ და დააკვირდნენ წარადგენს თუ არა იგივე ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა.
ამ განცხადებას ლევან ვეფხვაძის რეპლიკა მოჰყვა. ვეფხვაძემ ჯონდი ბაღათურიას მიმართა, კონკრეტულად ეთქვა, ეთანხმება თუ არა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებას.
ჯონდი ბაღათურიამ კი განაცხადა, „ქრისტიან-დემოკრატებს“ არანაირი „ჯადოსნური“ საიდუმლო არ მოუფიქრებიათ და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი კაცისთვის „პირის მოწმენდას“ ითვალისწინებს.
დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც დაბადებულია და 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.


ბეჭდვა