„დემოკრატიული მოძრაობა“ ლაშა თორდიას განცხადებებზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ლაშა თორდიას განცხადებებზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს
16:18 06.04.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განცხადებებზე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.  ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ განაცხადა.
გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 26 მაისის აქციაზე 2 პოლიციელი გარდაიცვალა, „რომლებსაც ბადრი ბიწაძემ და ნინო ბურჯანაძემ მანქანით თავზე გადაუარეს“.
თამარ ცინცაბაძემ ამის საპასუხოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოიყვანა. დასკვნის თანახმად, პარტიის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის და მისი მეუღლის ბადრი ბიწაძის ესკორტის ავტომობილები არც ერთ მოქალაქეს არ შეხებია.
ცინცაბაძემ აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ბურჯანაძის ლანძღვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კარიერას იკეთებენ.
„თორდიას მიზანიც ალბათ ესაა - წინასაარჩევნოდ ბევრი მსგავსი განცხადება გააკეთოს და თავისი ხელმძღვანელობის წინაშე ქულები ჩაიწეროს“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა