საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეიდან სადამკვირვებლო მისიებს საშუალება მიეცემათ ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ საქართველოში და წინასაარჩევნო პორცესს დააკვირდნენ.
მან განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების მოთხოვნით ოფიციალური მოსაწვევები გაგზავნა. მოსაწვევები დაეგზავნა ეუთო-ს ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ბიუროს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის საპარლამენტო ასამბლეას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს თხოვნით მიმართა, რომ ევროკავშირმა საქართველოში ისეთივე მედიამონიტორინგის პროექტი დააფინანსოს, როგორიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელდა.
