პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ადამიანის უფლებათა დაცვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა თემურ ლომსაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 28 კმ სიგრძის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობამ 800 მესაკუთრეს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში მოხვდა, პრობლემები შეუქმნა.
მისი თქმით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის ტრასაზე, ხელისუფლების ხელში 42 ჰექტარი კერძო მიწის ნაკვეთი და საკარმიდამო ქონება, ასევე, საწარმოები და ბიზნესსაშუალებები მოექცა.
„დემოკრატიულ საქართველოში კერძო ქონების ექსპროპრიაციის უფლება რკინიგზას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით მიენიჭა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, რკინიგზას ეს უფლება დაუკანონა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრის სურვილის მიუხედავად, სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებას ართმევს, ვითომდა სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით“ - განაცხადა ლომსაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა თავისი საკუთრება ხელისუფლების მხრიდან მცირე ზეწოლის შედეგად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დათმო, მეორე ნაწილს ქონების დათმობა იძულებით მოუხდა.
როგორც ლომსაძემ აღნიშნა, რკინიგზა სინამდვილეში მიზერულ, საბაზრო ფასის ნახევარსაც კი არ უხდის მიწის მესაკუთრეებს. მათთან საკომპენსაციო მოლაპარაკებები არ დაუსრულებია და პოლიციის ძალით აიძულებს საკუთრების მიზერულ ფასად დათმობას.
„დემოკრატიული მოძრაობა“ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების აღდგენას და პროექტის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს აღნიშნული საკითხის მონიტორინგისა და ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
