აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი სასტუმრო „ქორიარდ მარიოტში“ ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხების განხილვისადმი მიძღვნილ საჯარო ფორუმს დაესწრო.
კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ“ პარლამენტში უკვე შევიდა.
დიპლომატის განცხადებით, ამერიკული მხარე სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების შეხვედრებს ესწრება, რომელზეც საუბარი მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებს ეხება.
მისი თქმით, ამჟამად, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსსა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ხორციელდება.
„აშშ-სა და საქართველოს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ამ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ფორუმიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი საუბრის წარმართვას ემსახურება“ - განაცხადა ბასმა.
ფორუმს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კომერციული და საგადასახადო სამართლის სფეროში მომუშავე ექსპერტები ესწრებიან.
