დამკვირვებლების მოწვევის მიზნით ეუთო-სა და ევროკავშირში სპეციალური წერილები გაიგზავნა
დამკვირვებლების მოწვევის მიზნით ეუთო-სა და ევროკავშირში სპეციალური წერილები გაიგზავნა
13:57 06.04.2012
პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის  მიზნით ეუთო-სა და ევროკავშირში სპეციალური წერილები გაგზავნა.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე დიდი დრო რჩება ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს დამკვირვებლების ჩამოყვანა, რათა არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს.
ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი გაეგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს - ეუთოს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედია მონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული წარმატებული მედია-მონიტორინგის პროექტისა.
საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ეწვიონ საქართველოს შეუზღუდავი რაოდენობით, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესებს.

ბეჭდვა