უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაერო-ში აფრიკის სახელმწიფოების ელჩები მიიღო.
დახურული შეხვედრის შემდეგ, ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ფართო და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს.
მისი თქმით, საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში მხარდამჭერებს ეძებს, რათა მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ უბიძგოს.
ამიტომ, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკის შესახებ მსოფლიოს ყველა წერტილში ქვეყნებს ინფორმაცია ჰქონდეთ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს რამდენიმე სახელმწიფოს ელჩს საშუალება ეძლევა, საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღოს.
"გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია გაგვაქვს. ორი წლის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ეს რეზოლუციები მტკიცდება"– განაცხადა ბაქრაძემ.
