პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე გიორგი თარგამაძის ინიციატივას აპროტესტებს.
როგორც მურვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არ შეიძლება ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგება.
"თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ უფლება არჩევნებში მონაწილეობის, რა დააშავა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მცხოვრებმა ათეულ ათასობით ჩვენმა თანამემამულემ?" - განაცხადა მურვანიძემ
მისი თქმით, თარგამაძის ინიციატივა ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტია, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზარალებს და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას აჩერებს.
"მინდა გიორგი თარგამაძეს მივმართო - სადაა თქვენი ქრისტიანული, ან თუნდაც დემოკრატიული ფასეულობები, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უფლებებს უზღუდავთ და ამას "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი და აშკარა დაკვეთით აკეთებთ"- აღნიშნა მურვანიძემ.
საყოველთა-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება და მასზე "ქრისტიან-დემოკრატების" საკონსტიტუციო წინადადება განიხილება. ამ ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წელი საქართველოში ცხოვრობს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.
