ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" ყოფილი მთავარი რედაქტორი რევაზ საყევარიშვილი აპრილის ნომერში დაბეჭდილ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს დამახინჯებულს უწოდებს.
ამის შესახებ რევაზ საყევარიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს ავტორი მითითებული არ არის, ტექსტის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია იმ ინტერვიუს უხეშად დაჩეხილი და დამახინჯებული ვერსიაა, რომელიც მე ჩამოვართვი ივანიშვილს მარტში"- აღნიშნავს საყევარიშვილი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინტერვიუს ავტორი ამ ფაქტს ცენზურისა და "ფორბს ჯორჯიას" გამოცემის უფლების მქონე კომპანია "მედია პარტნერსის" მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის უხეშ დარღვევად აფასებს.
საყევარიშვილის თქმით, შეტყობინება უკვე გაგზავნა "ფორბსის" სათაო ოფისში ნიუ-იორკში.
"ვიტოვებ უფლებას, მივმართო კანონიერ ყველა გზას "ფორბს ჯორჯიას" დამფუძნებელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული თვალსაზრისით შესაფასებლად" - აცხადებს ყოფილი რედაქტორი.
როგორც რევაზ საყევარიშვილის პირველი განცხადებიდან გახდა ცნობილი, მთავარი რედაქტორის თანამდებობა მან ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა.
სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსი" კი, რომელიც ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" საგამომცემლო უფლების მქონეა, ყოფილი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი მხრიდან საგამომცემლო ეთიკის უხეშ დარღვევას ასახელებს.
