ბაქრაძე თანამდებობის დაკავების მსურველებს "ბურთს და მოედანს" სთავაზობს
ბაქრაძე თანამდებობის დაკავების მსურველებს "ბურთს და მოედანს" სთავაზობს
13:24 06.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "ქართული ოცნების" წევრების შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებარია რატომ არის მათთვის  მიუღებელი "ქრისტიან–დემოკრატების" ინიციატივა.
"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ნეგატიური დამოკიდებულება ამ ინიციატივის მიმართ, რომელიც ვინმეს კი არ ზღუდავს, პირიქით, შეზღუდვებს ხსნის და ყველას საშუალებას აძლევს ნებისმიერი თანამდებობისთვის იბრძოლოს" – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქრისტიან–დემოკრატები" გამოვიდნენ ინიციატივით, რომლითაც ყველა ბარიერი იხსნება და ყველა პრობლემა გვარდება. მისივე შეფასებით, ნებისმიერ კანდიდატს ოპოზიციაში საშუალება ექნება მიუხედავად მისი სტატუსისა და მოქალაქეობისა, მონაწილეობა მიიღოს და არჩეული იქნას პარლამენტის წევრად, გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი.
"არ მესმის რა არის მათთვის მიუღებელი. თუ მათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება სურთ, თუ მათ, არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სურთ, ჰა, ბურთი, ჰა მოედანი" – განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ქრისტიან–დემოკრატებმა" ამით "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება "გააპრავეს", დავით ბაქრაძემ კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა.
"რა არის ხელისუფლების "შემოგდებული"? მათ ტერმინს ვიმეორებ, რა არის ჩვენი შემოგდებული? რომ ვიღაც ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრი გახდეს? მე მგონი ამის დაბრალება უბრალოდ ლოგიკურ ფარგლებს სცილდება. ერთადერთი, რაც ჩვენი ინტერესია ის არის, რომ არჩევნები კონკურენტული იყოს და პოლიტიკური გარემო ღია" – განაცხადა ბაქრაძემ.

ბეჭდვა