პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინფორმაციით 4 აპრილს, ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის "სიენენის" ინფორმაცია, ეს არის "სიენენ აი რეპორტის" ინფორმაცია, რომელიც ღია საინფორმაციო ბლოგია სიენენზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს, როგორც თვითმხილველს შეუძლია დაწეროს ნებისმიერი რამ.
"ანუ ოდნავი უტრირება რომ გავაკეთო, ამ კომენტარის შემდეგ, მე, როგორც თვითმხილველმა შემიძლია დავწერო, რომ დავინახე როგორ შეჭამა "რუსთავი 2" –ის ოპერატორმა "კავკასიის" ჟურნალისტი. ეს იქნება დადებული "აი რეპორტზე", როგორც თვითმხილველის კომენტარი. სწორედ ასეთივე თვითმხილველის კომენტარი იყო გამოქვენებული "აი რეპორტზე". ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და არ უნდა აღვიქვათ როგორც "სიენენის" დადასტურებული ინფორმაცია" – აღნიშნა ბაქრაძემ.
CNN iReport-ზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 აპრილს, 22:46 საათზე ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუბლიკაციის ავტორის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ობამამ ხაზი გაუსვა ამ საკითხის გავლენას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. ავტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის საიმედო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეპირდა ობამას კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
