დავით ბაქრაძე "ქრისტიან–დემოკრატების" მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს
დავით ბაქრაძე "ქრისტიან–დემოკრატების" მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს
12:33 06.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "ქრისტიან–დემოკრატების" მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული  ინიციატივა მთლიანად მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მოქალაქეობის სტატუსთან და პოლიტიკაში მონაწილეობასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის, ჩვენ არ გვეშინია მეტოქეობის, პირიქით. ჩვენი ინტერესია საქართველო განვითარდეს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. არჩევნები კონკურენტული და ქვეყანაში ღია პოლიტიკური გარემო იყოს, სადაც ყველას ექნება პოლიტიკური შეჯიბრისა და კონკურენციის საშუალება" – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტის თავმჯდომარე მხარს უჭრს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
"ქრისტიან–დემოკრატების" ინიციატივა მისაღებია, რადგან ის მთლიანად მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც არსებობს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მოქალაქეობის სტატუსთან და პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით"– განაცხადა ბაქრაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" საკონსტიტუციო წინადადების მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წელი საქართველოში ცხოვრობს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.


ბეჭდვა