მინაშვილი – რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ამიტომ საქართველომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო
მინაშვილი – რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ამიტომ საქართველომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო
11:52 06.04.2012
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, რუსეთი თვითონ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ამიტომ საქართველომ  რუსეთის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
"ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ცივი ომის დროს იყო და მის დაწყებამდე შეიარაღების მონიტორინგს ითვალისწინებდა. დაახლოებით 34 წევრი სახელმწიფოა, რომელთაც ვალდებულება აქვთ, რომ სხვა წევრ სახელმწიფოებს უფლება მისცეს განახორციელონ სამონიტორინგო ფრენა, რათა შეიარაღების რაოდენობა და განლაგება შემოწმდეს. რუსეთმა ამ დოკუმენტის მოქმედება შეაჩერა და მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნებია. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ ხელშეკრულების ფარგლებში ფრენა დაუშვებელია. ეს, ამ ხელშეკრულებისა და ზოგადად საერთაშორისო პრინციპების დარღვევაა" – განუცხადა ჟურნალისტებს მინაშვილმა.
საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური თბილისის განმარტებით, ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ გადადგა.

ბეჭდვა