"ქართული აკადემია" სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს
"ქართული აკადემია" სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს
19:29 05.04.2012
"ქართული აკადემიის" წევრები ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებასათან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის გნცხადებას  აბსურდულს უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
მათი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმდენად შორს არის საღი აზრისგან, რომ მისი სამართლებრივი კუთხით განხილვა შეუძლებელია.
"ეს ყველაფერი, ცხადია, შიშით შეპყრობილი სააკაშვილისა და მისი გარემოცვისაგან მომდინარეობს, რომელიც უღირსი ხერხებით ცდილობს, კონკურენტული საარჩევნო გარემო არ დაუშვას" - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ის 300 ათასი მოქალაქე, რომელმაც ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნას, აბუჩად აიგდო.
"ქართულ აკადემიაში" ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობა ადეკვატურ შეფასებას მისცემს და ამ მხრივ, აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის დღევანდელი განცხადებაც სიმპტომატურია.
,,ქართული აკადემიში" მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების უსამართლობასა ქართულმა საზოგადოებამ თავისი პროტესტით უნდა უპასუხოს.
"მომავალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას ხალხის ნება მიანიჭებს" - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში აშშ–ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი წარმართოს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და სწრაფად.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოსცა.
ამ დასკვნის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

ბეჭდვა