გია ყრუაშვილი ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების ფაქტებს უარყოფს
გია ყრუაშვილი ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების ფაქტებს უარყოფს
18:01 05.04.2012
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი მის მიერ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების ფაქტებს უარყოფს.

როგორც ყრუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მის ქსენოფობიურ და ჰომოფილიურ შეხედულებებთან დაკავშირებით ბრალდებები გავრცელდა.

"არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები ეთნიკური, სექსუალური, რელიგიური თუ სხვა სახის უმცირესობების წინააღმდეგ "ცეცხლით და მახვილით" ბრძოლის მომხრე. პირიქით, მე და ჩემი პარტია ვაღიარებთ უმცირესობებთან მიმართებაში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს" - ნათქვამია განცხადებაში.
ყრუაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია ქსენოფობიად უთვლიდნენ განცხადებას, რომელიც ასახავდა ფაქტებს და არა მის ინტერპრეტაციას გარკვეული თემის ირგვლივ.
"ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ და მე მიუღებლად მიმაჩნია ეროვნების დაფარვის მიზნით გვარის გადაკეთების ტენდენცია" - განაცხადა მან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან ეთნიკური ნიშნით გაკეთებული განცხადებების ფაქტების დაფიქსირებასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და ყველას მოუწოდეს მსგავსი ენით საუბრისგან თავის შეკავებისკენ.

ბეჭდვა