"საქართველოს გზა" თარგამაძის საკანონმდებლო წინადადებას "ნაციონალების" ინიციატივას უწოდებს
"საქართველოს გზა" თარგამაძის საკანონმდებლო წინადადებას "ნაციონალების" ინიციატივას უწოდებს
17:50 05.04.2012
პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის" წევრები "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" ინიციატივას საკანონმდებლო ცვლილებების  თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივად აფასებენ. ამასთან დაკავშირებით მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ინციატივა, რომლის გასახმაურებლად მათ გამბედაობა არ ეყოთ და გიორგი თარგამაძეს გააჟღერებინეს" - აღნიშნავენ პარტიაში.
ამასთან, პარტიაში მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ მიუღებლად მიიჩნევენ.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას საკუთარი, მიზნებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო გამოყენებას თავი დაანებოს" - ნათქვამია განცხადებაში.
"ქრისტიან–დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიას დღეს გადაუგზავნა.
პროექტის თანახმად, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს და ის შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს - პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ბეჭდვა