საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობა
უმრავლესობის ნების გამხმოვანებლად გადაიქცა.
"ნაციონალური მოძრაობა" ყველაირად ცდილობს, რომ ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მიხეილ სააკაშვილი არ იყოს და ეს ფუნქცია უმრავლესობასა და უმცირესობას დააკისრა" – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ თავის უსამართლო გადაწყვეტილებით თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიყენა და ახლა გამოსავლის პოვნას ცდილობს.
"ეს არის ხელისუფლების მცდელობა შეინარჩუნოს სახე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ არ გვაინტერესებს რას ხლაფორთობს საქართველოს ხელისუფლება, ყველა შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, "ქართული ოცნება" გამარჯვებას მიაღწევს" – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.
"ქრისტიან–დემოკრატების" ეს წინადადება ხვალ საყოველთაო–სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილება.
