სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილმა "მარშალის ფონდის" და "რობერტ
ბოშის ფონდის" დელეგაციის საქართველოში არშემდგარ ვიზიტზე ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი იმის გამო ჩაიშალა, რომ დელეგაციაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი შედიოდა.
ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორცხა, რომ ამ საკითთან მიმართებაში რაიმე სახის ინტერპრეტაციას აქვს ადგილი.
მისი განმარტებით, უმაღლესი თანამდებობის პირს დრო არ აქვს ასეთი ტიპის დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებით დაკავდეს.
"პრეზიდენტი ამ პროცესში საერთოდ არ ყოფილა ჩართული. ასეთი ვიზიტები პრეზიდენტის დონეზე არ წყდება. როდესაც ჩემს უწყებაში დელეგაციების ჩამოსვლის განრიგი დგება, მასში ჩემი თანამშრომლები არიან ჩართული და ჩემთან მხოლოდ საათების შეთანხმება ხდება" - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
მინისტრმა დაადასტურა, რომ ფონდების დელეგაციის წევრებს მასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა, მოგვიანებით ტყეშელაშვილმა ვიზიტის გაუქმების შესახებ შეიტყო.
"სხვა სახით ამ პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ და კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, იანვარში დიტერ ბოდენი თბილისში იმყოფებოდა და ხელისუფლების წარმომადგენლების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოდენს "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის თემატური ჯგუფისთვის კონსულტაციები უნდა გეწია.
მიმდინარე კვირააში საქართველოში "მარშალის ფონდის" და "რობერტ ბოშის ფონდის" 15 კაციანი დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადა თუ მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი იქნებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დაადასტურა, რომ დელეგაცია საქართველოში აღარ ჩამოვა, თუმცა, გავრცელებული მიზეზის თაობაზე ინფორმაცია უარყო.
