პარტიას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან შედარებით განსხვავებული შეხედულებები აქვს.
ამის შესახებ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ დღეს, “Itv”-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს „მრეწველებისგან“ განსხვავებული შეხედულებები და ხედვა აქვთ.
„ძალიან ბევრი განსხვავებული შეხედულება შეიძლება არსებობდეს იგივე „კონსერვატორებთან და სხვა პარტიებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიაში ერთიანდებიან, თუმცა, არის დიდი მიზანი საერთო ბრძოლისა. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ამაზე თვალს დახუჭავს და ამ კოალიციაში გაერთიანდება“ - განაცხადა გოგი თოფაძემ.
პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ წევრიანდება.
„მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო“ მის გვერდით იქნება“ - განაცხადა თოფაძემ.
მისი თქმით, პარტიის კოალიციაში გაწევრიანების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
