სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობის საბაზისო ვარიანტი შემუშავდა
სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობის საბაზისო ვარიანტი შემუშავდა
15:41 05.04.2012
სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობა დასარეგულირებელია. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს სახელმწიფო დაზღვევის შესაბამისი მომსახურების დროს პრობლემები ექმნებათ. მათ დასარეგულირებლად, მისივე თქმით, სახელმწიფომ შეიმუშავა სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობის საბაზისო ვარიანტი.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, შემუშავებული "თამაშის წესები" უკვე დაეგზავნა საავადმყოფოებს და სადაზღვევო კომპანიებს, მათი კომენტარებიც მიღებულია და განხილვა მიმდინარეობს. შეჯერებულ ვარიანტს ჭიაბერაშვილი მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე წარადგენს.
"მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაზღვევით პაციენტმა კარგი და ხარისხიანი მომსახურება მიიღოს"-აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მას დაავალა შემუშავებული ვარიანტი უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგინოს.

ბეჭდვა