"ამომრჩეველთა ლიგა" მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტების შევიწროება და მათი არათანაბარ საარჩევნო პირობებში ჩაყენება ამომრჩევლის ნებაზე პირდაპირი ზეწოლაა.
ლიგა ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს ეხმაურება.
მათი განცხადებით, "ამომრჩეველთა ლიგა" ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქედ მიიჩნევს და ხელისუფლების გადაწყვეტილება მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხალხის ნების საწინააღმდეგო ქმედებისა და ერთპარტიული მმართველობის გაგრძელების უსუსური მცდელობაა.
"ამომრჩეველთა ლიგაში" მიიჩნევენ, რომ თანასწორი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნა ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია და ცივილიზებულ მსოფლიოსთან დაახლოების წინაპირობა თავისუფალი და გამჭირვალე პოლიტიკური არჩევნებია.
"მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს საყოველთაო სოლიდარობისკენ. მხოლოდ სოლიდარობით და ურთიერთთანადგომით შევძლებთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას"- ნათქვამია განცხადებაში.
