"ქრისტიან–დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის თინა ხიდაშელის განცხადებას
არასერიოზულსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ხიდაშელის შეფასებით, თარგამაძემ თავისი განცხადებით სააკაშვილის გადაწყვეტილება "გააპრავა".
"სააკაშვილის გადაწყვეტილების "გაპრავებაზე" საუბარი არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. როგორც ჩანს, ივანიშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც უფრო მეტად აინტერესებთ მისი სახელი, ავტორიტეტი და ფული და არა ის, რომ მასთან ერთად იყვნენ წარმოდგენილი სიაში" – აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ, რომ კოალიციას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ერქვას და ივანიშვილი სიის სათავეში თუ არ იქნება, უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს.
"ვინ რას ლაპარაკობს, ხიდაშელი თუ დანარჩები, ნაკლებად მაინტერესებს, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასაც ნაკლებად აინტერესებს" – განაცხადა თარგამაძემ და დასძინა ქრისტიან–დემოკრატების ინტერესია, რომ ივანიშვილის პოლტიკური საქმიანობა ლეგიტიმურ ფარგლებსა და ჩარჩოებში მოექცეს.
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას არანაირი საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება.
"თარგამაძე ამბობს, რომ შეიძლება პოლიტიკური გარიგება მოხდეს და უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში პოლიტიკური პროცესები აწარმოოს. ქვეყნის ფუნდამენტური კანონის მიმართ ასეთი მიდგომა სრულიად დაუშვებელია. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ჭრა-კერვა ხდებოდეს ვინმე ერთ ადამიანზე მორგებით"-განაცხადა ხიდაშელმა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოსცა. დასკვნის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა.
