მიმდინარე წელს კიდევ 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა
ალექსანდრე ხეთაგურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება უკვე მშენებარე 15 ჰესს, მათი სამშენებლო სამუშაოები დიდთოვლობის გამო შეფერხდა. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, სამუშაოები ეტაპობრივად ისევ ახლდება.
ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოები ლარსის, დარიალის, ფარავნის, მტკვრის, შილოდას, ხადორი 2-ის, ხელვაჩაურის, კირნათის, ბახვი 2-ის, ბახვი 3-ის, ლუხუმის და არაგვის ჰესებზე მიმდინარეობს.
ხეთაგურმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილი 15 ელექტროსადგურის აშენების შემდეგ, მცირე და საშუალო ჰესებით საქართველო მთლიანობაში 420 მეგავატზე მეტ ელექტროენერგიას მიიღებს.
