თამარ ჩუგოშვილი - დუმბაძის განცხადებაში სიძულვილის ენა იყო გამოყენებული
თამარ ჩუგოშვილი - დუმბაძის განცხადებაში სიძულვილის ენა იყო გამოყენებული
14:45 05.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის მურმან დუმბაძის განცხადებაში სიძულვილის ენა იყო გამოყენებული - აღნიშნული განცხადება საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჩუგოშვილის თქმით, ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან ეთნიკური ნიშნით გაკეთებული განცხადებების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რაც პოლიტიკური მოვლენების არასწორ განვითარებას იწვევს.
"პოლიტიკოსებმა მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ. მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი თემები შეიძლება პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენონ" - განაცხადა საიას თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სიძულვილის ენა ჩვენი კანონმდებლობით დასჯადი არ არის, მაგრამ ასეთი ფაქტები ნეგატიური და დისკრიმინაციულია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტიის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მასალკინმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე განაცხადა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციებს ემიჯნება. ამავე გადაცემაში მოწვეულმა მურმან დუმბაძემ მის საპასუხოდ აღნიშნა: "ის არ არის გენით ქართველი. ვერ მიხვდა რა არის საქართველო. ოშკი გაგონილი არ აქვს, ერთი სანთელი არ დაუნთია".
მურმან დუმბაძემ საზოგადოებას და თავად მასალკინს გუშინ ბოდიში მოუხადა.

ბეჭდვა