ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემა, ქართველი ხალხის ბრძოლას არსებული კვაზი რეჟიმის წინააღმდეგ უფრო აძლიერებს - აღნიშნული
განცხადებით პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ფეხბურთელი კახა კალაძე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიჭების თაობაზე სამოქალაქო რეესტრის დასკვნას გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ე.წ პოსტი სახელწოდებით - "ნაციონალური" იუსტიცია ბრმა, ყრუ და მუნჯია" გაავრცელა.
მისი თქმით, სააკაშვილის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებები ძალადობაზე, შანტაჟზე, ტერორსა და ფარსზეა დაფუძნებული და მსოფლიო თანამეგობრობა, ასევე ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა რთულია იმ ხელისუფლების პროგნოზირება, რომელიც ერთ ადამიანზე მორგებულ, აბსურდულ კანონებს გამოცემს.
"არ არსებობს ძალა რომელიც შეაჩერებს ბრძოლას თავისუფლებისადმი, დემოკრატიული პრინციპებიდან არ გადავუხვევთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა გზით მივალთ დასახულ მიზნამდე" -წერს კალაძე.
მისივე განცხადებით, შიშისა და თავის ჩაქინდვრის დრო არ არის და ხელისუფლებამ ხალხის სიძლიერე მისი ერთად დგომით უნდა დაინახოს.
"ისინი არიან ერთეულები, მათი ძალა არის ადამიანების გულგატეხილობა და ნიჰილიზმი, ჩვენი სიძლიერე კი, ერთად დგომა და მომავალი საქართველოს შენებაა. მათთვის არსებობს მხოლოდ ნაციონალური სამართალი, ჩვენთვის კი კანონზე დაფუძნებული. მათთვის ადამიანები ამომრჩევლები არიან, ჩვენთვის კი მოქალაქენი" - აღნიშნავს კალაძე.
მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ "ნაციონალური" იუსტიცია ბრმა, ყრუ და მუნჯია და ქვეყანაში არსებული რეჟიმი შეცდომებს შეცდომებზე უშვებს.
"სულ მალე ყველა თვალნათლივ დაინახავს თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლით და ერთად დგომით მივაღწევთ მიზანს და ავისრულებთ ქართულ ოცნებას" - განაცხადა ფეხბურთელმა.
