"ახალი მემარჯვენეები" ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებას პოლიტიკურ საკითხად აფასებენ
"ახალი მემარჯვენეები" ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებას პოლიტიკურ საკითხად აფასებენ
13:53 05.04.2012
პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკურ საკითხადაც აფასებენ.
როგორც "ნიუსპრესს" "ახალი მემარჯვენეებიდან" აცნობეს, პარტია პრობლემის სამართლებრივ მხარეში ვერ ჩაერევა, თუმცა, ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია.
"სწორედ ამ მნიშვნელოვნობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ სუბიექტს, უფლება უნდა ჰქონდეს სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში" - აცხადებენ "მემარჯვენეები"
პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ამით აქედანვე შეუწყოს ხელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
"ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, რასაც მხოლოდ ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების მიცემა უზრუნველყოფს" - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა